ზაიონ ვილიამსონის პირველი მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (ვიდეო)

ზაიონ ვილიამსონის გამოჩენას მთელი საკალათბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა კალათბურთელმა „ნიუ ორლეანის“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

„პელიკანსმა“ საკუთარ არენაზე „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და ოთხი ქულის სხვაობით, 117-121 დამარცხდა. ვილიამსონმა სადებიუტო მატჩში 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ზიაონმა 11-დან 8 სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მან ოთხიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო.

უილიამსონმა ფენომენალურად ჩაატარა მეოთხე პერიოდი. 3-წუთიან მონაკვეთში მან ზედიზედ 17 ქულა დააგროვა.

ასევე საინტერესოა, რომ პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 19 წლის ზაიონმა ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა. გახდა პირველი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც თავის სადებიუტო მატჩში 4 ან მეტი სამიანი 100%-იანი სიზუსტით ისროლა და ასევე გააუმჯობესა „პელიკანსის“ ფრენჩაიზის რეკორდი სადებიუტო მატჩში ჩაგდებული ქულების მიხედვით. აქამდე საუკეთესო შედეგი ენტონი დევისს ჰქონდა დაფიქსირებული – ჯერ კიდევ „ნიუ ორლეანს ჰორნეთსის“ რიგებში 2012 წელს. მაშინ დევისმა 21 ქულა ჩააგდო.