ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია, მატიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ისტორიული 14 მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში დასრულდა გრანდ სლემი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე 5 ოქროს , 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

შეჯიბრზე ბოლო მედლები მძიმეწონოსნებმა გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა აიღეს. გელამ უზბეკი იუსუპოვი დაამარცხა, ლევანმა კი თანამემამულე ონისე ბუღაძეს გაფრთხილებებით სძლია. აღსაიშნავია,რომ გელამ თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.

დღეს ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ოქროს მედლის მფლობელები ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) გახდნენ, ვერცხლი გიორგი ბერიაშვილმა(100კგ), ბრინჯაო კი სოფიო სომხიშვილმა მოიპოვა (+78კგ).

შეგახსენებთ, რომ დღემდე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალი უკვე იყო. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.