ზაალ უდუმაშვილი - პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ, მაგრამ, ამავე დროს, დღეს ოპოზიციის მთავარი პასუხისმგებლობაა, საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვას
ზაალ უდუმაშვილი - პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ, მაგრამ, ამავე დროს, დღეს ოპოზიციის მთავარი პასუხისმგებლობაა, საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვას

უკაცრავად, მაგრამ დღეს რა ნაბიჯი გადმოდგა ხელისუფლებამ? – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას, რატომ არ დგამს შეთანხმებისკენ ნაბიჯს ოპოზიცია მაშინ, როცა ხელისუფლებამ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„რომ ამბობთ, ხელისუფლებამ ნაბიჯი გადმოდგაო, უკაცრავად, მაგრამ დღეს რა ნაბიჯი გადმოდგა ხელისუფლებამ? გეთანხმებით, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამ ამ ცვლილებებს მაშინ აქვს აზრი, როცა მთავარ პუნქტებზე მივდივართ შეთანხმებამდე. ჩვენ ბოიკოტი ამ ცვლილებების გამო არ დაგვიწყია. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. ამას წყალი არ გაუვა და ამაზე ოპოზიცია აბსოლუტურად შეთანხმებული ვართ, როგორ უნდა მოხდეს ყველა ინსტიტუტის რეფორმა, მაგრამ ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი იყო ვადამდელი არჩევნები და მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დააკავეს, ბუნებრივია, პოლიტპატიმრების თემა ძალიან აქტუალური გახდა, ამ მიმართულებით კი არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ვიდრე შეთანხმებას არ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების ქვაკუთხედზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე, მანამდე აზრი არ აქვს დანარჩენი საკითხების განხილვას“, – განაცხადა უდუმაშვილმა. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გადადის თუ არა პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი ოპოზიციაზე ამ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება დოკუმენტს ხელს აწერს, ზაალ უდუმაშილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ამ პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, მაგრამ, ამავე დროს, დღეს მისი მთავარი პასუხისმგებლობაა, საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვას, რისი პირობაც საკუთარ ამომრჩეველს მისცა.

„არა, ეს ასე ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზიარებთ და სრულად ვაცნობიერებთ, რომ ოპოზიციას ამ პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ, ამავე დროს, დღეს ოპოზიციის მთავარი პასუხისმგებლობაა, საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვას, რისი პირობაც საკუთარ ამომრჩეველს მისცა. აბა, რას ვეუბნებით იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც არჩევანი წაართვეს? ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ოპოზიციას ხმები დააკლეს და ოპოზიცია ხუთი დეპუტატით ნაკლები შევიდა პარლამენტში? ამაზე ხომ არ ვდავობთ? ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ოპოზიციას გამარჯვება წაართვეს. აი, ეს არის მთავარი განმასხვავებელი 2020 წლის არჩევნებს და 2016 წლის არჩევნებს შორის“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს და დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამ მოცემულობაში ასეთ რამეს გამორიცხავს.