ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებაში კადრების სერიოზული პრობლემაა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებაში კადრების სერიოზული პრობლემაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში კადრების სერიოზული პრობლემაა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ფასადურია.

„ივანიშვილი მოსწრებაზეა, ნებისმიერ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ფასადური შთაბეჭდილება მაინც შექმნას, თითქოს რაღაცას აკეთებენ და რაღაც უნდათ გააკეთონ. ჯერჯერობით, ის, რაც გუშინ დადასტურდა კომენტარებიდან, არის ის, რომ ბახტაძე აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი. ვნახოთ, ვის წარადგენენ მის ნაცვლად. არჩევანი დიდი არ აქვთ, რადგან კადრების სერიოზული პრობლემაა.

თუმცა, ვინც უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრად ივანიშვილმა, ეს არ უშველის, რადგანაც ამ რეჟიმს სიღარიბის, გაჭირვებისა და უმძიმესი ეკონომიკური ფონის გარდა მოსახლეობისთვის არაფერი მოუტანია. შესაბამისად, მალე იქნება ცვლილებები, ოღონდ ცვლილებები იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს უდუმაშვილი.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ თუ პრემიერად გიორგი გახარიას წარადგენენ, „ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის დასასრული“.

„გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იგივეა, გავრილოვი დანიშნო საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ადამიანს, რომელმაც თბილისში მოაწყო გავრილოვის ღამე, იმის შემდეგ აწინაურებ და გადაგყავს პრემიერ-მინისტრად – ეს არის მოსახლეობის აბუჩად აგდება, არა ოპოზიციის, არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფა, რასაც ჩვენი ხალხი არ აპატიებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.