ყველაზე უხვგოლიანი ტური ელიგაში - გუნდებმა 25 გოლი გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
ყველაზე უხვგოლიანი ტური ელიგაში - გუნდებმა 25 გოლი გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი ტური დასრულდა – მე-12 ტურში გუნდებმა 25 გოლი გაიტანეს.

ყველაზე ცოტა გოლი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გავიდა, სადაც „ტორპედო“ თბილისის „საბურთალომ“ მატჩის მიწურულს ლაშა შინდაგორიძის გატანილი გოლით 0:1 დაამარცხა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი კი ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გაიმართა, სადაც „სიონი“ „დინამო თბილისმა“ 3:7 დაამარცხა. ეს სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩიც იყო, რადგან აქამდე 10 გოლი არც ერთ მატჩში არ გასულა.

რვა გოლი გაიტანეს მეტოქეებმა „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, რომელშიც „გაგრამ“ „ლოკომოტივი“ 5:3 დაამარცხა. ცხადია, ტური უხვგოლიანი ამ ორი მატჩის დამსახურებით გახდა, რადგან ამ დაპირისპირებებში 18 გოლი გავიდა, დანარჩენ სამში კი – 7 გოლი. თუმცა ფაქტი ამით არ იცვლება. 5 მატჩში 25 გოლი მშვენიერი მაჩვენებელია – ანუ, საშუალოდ 5 გოლი შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში სტადიონზე ისევ ხალხმრავლობა იყო – ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ მატჩს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლით გამოიჩინა თავი, დაახლოებით 16-17 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სიონი – დინამო თბ 3 : 7

ტორპედო – საბურთალო 0 : 1

დინამო ბთ – დილა 3 : 0

სამგურალი – თელავი 2 : 1

გაგრა – ლოკომოტივი 5 : 3