ყველაზე ტიტულოვანი იტალიური კლუბის წინააღმდეგ - კვარაცხელიას „მილანთან“ აპრილში თამაში სამჯერ მოუწევს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. წილისყრა ევროპის საფეხბურთო კავშირის შტაბბინაში, ნიონში გაიმართა.
გათამაშებას ამ ეტაპზე რვა გუნდი შემორჩა – „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“, „ნაპოლი“, „რეალი“, „ჩელსი“. 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს სტამბოლის „ათათურქის“ სტადიონზე გაიმართება.
1899 წლის 16 დეკემბერს დაარსებული „მილანი“, რომელშიც კახა კალაძე თამაშობდა, „სან სიროს“ სტადიონზე (ტევადობა 80 018) ასპარეზობს. კლუბის მფლობელები ამერიკული Red Bird Capital Partners-ი (70%) და Elliott Management-ი (30%) არიან. გუნდის პრეზიდენტია პაოლო სკარონი.
სტეფანო პიოლის (მთავარი მწვრთნელი) გუნდი უეფა-ს რეიტინგში 39-ე ადგილზეა და ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კლუბია მსოფლიოში. „მილანი“ ყველაზე წარმატებულია იტალიიდან საერთაშორისო ტიტულების რაოდენობით.

„მილანი“ 1963 წელს გახდა პირველი იტალიური კლუბი, რომელმაც მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი. ის ასევე უეფა-ს სუპერთასების რეკორდსმენია „ბარსელონასთან“ ერთად (ხუთი ტიტული). გარდა ამისა, არის ევროპული ექვსი გუნდიდან ერთ-ერთი, რომელმაც მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასის შენახვის უფლება, რადგან ტიტული კლუბმა შვიდჯერ მოიგო. ბოლოს „მილანი“ 2021/2022 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.
„როსონიერი“ ფიფა-ს მე-20 საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბების სიაში მეშვიდე ადგილზე იყო, ჟურნალმა Kicker-მა და IFFHS-მა კი მესამეზე დაასახელა. ჟურნალმა Forbes-მა გუნდი 585 მილიონ დოლარად შეაფასა, მთლიანი შემოსავალი კი 248 მილიონი დოლარით განისაზღვრა.

გუნდის საშინაო სტადიონი „სან სირო“ 1926 წელს გაიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი იტალიაში და იტევს 80000-ზე მეტ გულშემატკივარს. გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი კლუბის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი დავიდე კალაბრიაა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ „სან-სიროზე“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით მატეო პოლიტანომ გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე ამ წყვილის პირველი მატჩი 11 აპრილს, მილანში გაიმართება, ხოლო 18-ში – ნეაპოლში. მანამდე, 2 აპრილს „სტადიო მარადონაზე“ გუნდები სერია A-ს 28-ე ტურში ითამაშებენ.