ყველაზე ცუდი გამოირიცხა - ლორია მძიმე ტრავმას გადაურჩა #1TVSPORT
ყველაზე ცუდი გამოირიცხა - ლორია მძიმე ტრავმას გადაურჩა #1TVSPORT

საბედნიეროდ, გიორგი ლორია, რომელიც საქართველოს ნაკრების შეხვედრისას დაშავდა, ყველაზე ცუდს, მძიმე ტრავმას გადაურჩა, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

გიორგი ლორიას, რომელიც გიბრალტართან მატჩში მუხლის პრობლემის გამო შესვენებაზე შეცვალეს, დიაგნოზის დასადგენად MRI ჩაუტარდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ გამოცდილ მეკარეს სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ ახლა ეს დანამდვილებით გახდა ცნობილი.

„გიორგი ლორია „ანორთოსისს“ ვარჯიშზე შეუერთდება და გამოჩნდება, მზად არის თუ არა აეკ-თან მატჩისთვის. მას გუნდის ტექნიკური და სამედიცინო ჯგუფი შაბათის მატჩამდე შეაფასებს. თუმცა, ლორიას სერიოზული არაფერი სჭირს და როგორც ჩანს, მისი თამაში თუ უთამაშებლობა უფრო მზადყოფნის საკითხს უკავშირდება“, – წერს „სუპერ სპორტ“.

უფრო კონკრეტული განმარტება „სუპერ სპორტთან“ „ანორთოსისის“ პრესსპიკერმა დიმიტრი ქრისტოფორუმ გააკეთა:

„გიორგი სარეაბილიტაციო ვარჯიშზეა. მას განსაკუთრებული არაფერი სჭირს. დღეს მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ის იქნება ვარჯიშზე და დაზუსტდება, მზად არის თუ არა სათამაშოდ“.

მანამდე ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ნერევიულობდნენ გიორგის გამო, რომელიც გუნდის მთავარი მეკარეა. შეგასენებთ, რომ ლორიამ ერთა ლიგაზე საქართველო-გიბრალტარის მატჩის შესვენებისას მოედანი ტრავმის გამო დატოვა. საბედნიეროდ, სამედიცინო გამოკვლევმა აჩვენა, რომ საშიში არაფერია.