ყველაფერი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე უნდა ვიცოდეთ
ყველაფერი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე უნდა ვიცოდეთ

დღეს, 1 დეკემბერს, მოსკოვში კრემლის სახელმწიფო დარბაზში მსოფლიოს 2018 წლის ფინალური ტურნირის წილისყრა გაიმართება. FIFA.com პუნქტების მიხედვით გვამცნობს ყველა დეტალს, რაც ამ გრანდიოზული საფეხბურთო მოვლენის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

რომელი ნაკრებებია განთესილი?

პირველ კალათში მოხვდა რვა განთესილი ნაკრები – რუსეთი, როგორც მასპინძელი გუნდი, აგრეთვე, 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით ფიფას რეიტინგის პირველი შვიდი გუნდი – გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი და საფრანგეთი.

როდის დაიწყება წილისყრის ცერემონია?

თბილისის დროით 19:00 .

სად გაიმართება წილისყრის ცერემონია?

კრემლის სახელმწიფო დარბაზში, რომელიც 6 ათას მაყურებელი იტევს.

ვინ ჩაატარებს წილისყრას?

წილისყრის წამყვანი იქნება ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდი გარი ლინეკერი – 1986 წლის მუნდიალზე “ოქროს ბუცის” მფლობელი. თანაწამყვანის როლში იქნება რუსი სპორტული ჟურნალისტი მარია კომანდნაია. ლინეკერის ასისტენტებად იმუშავებენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები: ფრანგი ლორან ბლანი, ინგლისელი გორდონ ბენქსი, ბრაზილიელი კაფუ, იტალიელი ფაბიო კანავარო, ურუგვაელი დიეგო ფორლანი, არგენტინელი დიეგო მარადონა, ესპანელი კარლეს პუიოლი. ამ შვიდეულს დაემატება რუსი ნიკიტა სიმონიანი.

როგორ დაკომპლექტდა კალათები?

32 ფინალისტი ოთხ კალათში ფიფას იმ რეიტინგის მიხედვით განაწილდა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

I კალათი
რუსეთი
გერმანია
ბრაზილია
პორტუგალია
არგენტინა
ბელგია
პოლონეთი
საფრანგეთი

II კალათი
ესპანეთი
პერუ
შვეიცარია
ინგლისი
კოლუმბია
მექსიკა
ურუგვაი
ხორვატია

III კალათი

დანია
ისლანდია
კოსტა რიკა
შვედეთი
ტუნისი
ეგვიპტე
სენეგალი
ირანი

IV კალათი

სერბეთი
ნიგერია
ავსტრალია
იაპონია
მაროკი
პანამა
სამხრეთ კორეა
საუდის არაბეთი

როგორ ჩატარდება წილისყრა?

ბურთულებს კალათებიდან ამოიღებენ თანმიმდევრობით – პირველი კალათიდან დაწყებული მეოთხეთი დამთავრებული. მომდევნო კალათზე მას შემდეგ გადავლენ, რაც ჯგუფებში (A-დან H-მდე) გადანაწილებული იქნება წინა კალათის რვა გუნდი. მასპინძელი ქვეყნის უფლებით, რუსეთი ავტომატურად დაიკავებს ადგილს A ჯგუფის პირველ პოზიციაზე. დანარჩენი შვიდი განთესილი ნაკრები პირველი კალათიდან ავტომატურად ჩაუდგებიან სათავეში ჯგუფებს B-დან H-მდე. ამასთან, მეორე, მესამე და მეოთხე კალათების გუნდების პოზიციებს ჯგუფებში წილისყრის მიმდინარეობისას გაარკვევენ.
სტანდარტული პროცედურის თანახმად, თავდაპირველად ამოიღებენ ბურთულას გუნდის დასახელებით, შემდეგ კი ბურთულას ჯგუფისა და ციფრის აღნიშვნით, რომელიც განსაზღვრავს გუნდის პოზიციას შესაბამის ჯგუფში.
თითო ჯგუფში არ შეიძლება იყოს ერთი კონტინენტალური ზონის ერთზე მეტი გუნდი. ეს წესი არ ეხება უეფას, რომელსაც 14 ფინალისტი ჰყავს. თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ ერთი და არა უმეტეს ორი ევროპული გუნდი. ასე რომ, რვიდან ექვს ქვეჯგუფში აუცილებლად იქნება ორი ევროპული გუნდი.
გუნდების დაყოფას გეოგრაფიული პრინციპით გააკონტროლებს სპეციალური სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა ფაქტორს, ამიტომაც, გუნდების ჯგუფებში განაწილების პროცედურისას, ცალკეული ჯგუფები, შესაძლოა, გამოტოვებული იყოს.

სად შეიძლება ვუყუროთ?

წილისყრის ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის I არხი 19 საათზე დაიწყებს.