ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი, ბევრი ფიქრი საჭირო არ იყო - ინგლისელი ჟურნალისტი „ტორპედოს“ ახალ მწვრთნელს ესაუბრა #1TVSPORT 
ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი, ბევრი ფიქრი საჭირო არ იყო - ინგლისელი ჟურნალისტი „ტორპედოს“ ახალ მწვრთნელს ესაუბრა #1TVSPORT 

Sky Sports-მა ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მთავარ მწვრთნელს, სტივ კინს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი აცხადებს, რატომ დატოვა „ჰიბერნიანის“ აკადემია. კინს სურს, რომ „ტორპედო“ „დინამო თბილისივით“ წარმატებული კლუბი გახდეს.

„მშვენიერი დრო გავატარე „ჰიბერნიანში“, აკადემიაში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ – ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ახლა დიდი შესაძლებლობა გამოჩნდა. „ტორპედო“ არის კლუბი, რომელმაც ზაფხულში კონფერენსლიგაზე უნდა ითამაშოს, შარშან საქართველოს თასი მოიგო და მწვერვალზე დაბრუნებას ისახავს მიზნად. ეს არის დიდი ისტორიის კლუბი, გვინდა „დინამო თბილისს“ გავუთანაბრდეთ. გამოწვევა მივიღე და მიხარია, რომ აქ ვარ.

ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი სტადიონი, სადაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები ითამაშებს. გუნდს აქვს შესანიშნავი სავარჯიშო მოედანი, გულშემატკივრები სულ ჩვენთან არიან. როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი, რომ ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო.

მინდა, მადლობა გადავუხადო „ჰიბერნიანს“, რომელმაც ჩემი წასვლის პროცესი არ შეაფერხა. გუნდში შესანიშნავი დრო გავატარე. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და დარწმუნებული ვარ, მათგან ბევრი ფეხბურთელი პირველ გუნდში ითამაშებს.

„ჰიბერნიანში“ 2004 წელს დაბადებული ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებმაც მოიგეს 18-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი და კარგად ითამაშეს „მიოლდესთან“, „ნანტთან“ და „დორტმუნდთან“. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ წარმატებული კლუბის ნაწილი ვიყავი“, – ამბობს სტივ კინი.