ყველაფერი ევრო 2020-ის კალათებსა და ჯგუფებზე
ყველაფერი ევრო 2020-ის კალათებსა და ჯგუფებზე
ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა ფინალური ეტაპის 20 მონაწილე. ამასთან ერთად, დაკომპლექტდა კალათები, რომლის მიხედვითაც გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა:
I კალათა – იტალია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, უკრაინა, გერმანია.
II კალათა – საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, რუსეთი, ჰოლანდია.
III კალათა – პორტუგალია, თურქეთი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი.
IV კალათა – ფინეთი, უელსი, პლეიოფი, პლეიოფი, პლეიოფი, პლეიოფი.

იმის გამო, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში უნდა გაიმართოს, წინასწარ არის ცნობილი, მასპინძელი ქვეყნები რომელ ჯგუფებში განაწილდებიან. მაგალითად, B ჯგუფის მატჩებს უნდა უმასპინძლონ კოპენჰაგენმა და სანკტ-პეტერბურგმა. დანიაც და რუსეთიც გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და შესაბამისად, წინასწარ დადგენილი წესის თანახმად, ეს გუნდები ერთად იქნებიან B ჯგუფში.

აი, ამ მომენტისთვის ნაწილობრივ როგორ არის დაკომპლექტებული ევრო 2020-ის ჯგუფები.
A ჯგუფი (რომი, ბაქო) – იტალია.
B ჯგუფი (სანკტ-პეტერბურგი, კოპენჰაგენი) – დანია, რუსეთი, ბელგია.
C ჯგუფი (ამსტერდამი, ბუქარესტი) – უკრაინა, ჰოლანდია.
D ჯგუფი (ლონდონი, გლაზგო) – ინგლისი.
E ჯგუფი (ბილბაო, დუბლინი) – ესპანეთი.
F ჯგუფი (ბუდაპეშტი, მიუნხენი) – გერმანია.
ბელგია არ არის ტურნირის მასპინძელი, მაგრამ მოხვდა B ჯგუფში. ეს იმიტომ, რომ რუსეთი მეორე კალათაშია, მაგრამ მისი სავარაუდო მეტოქეების ვინაობა პირველი კალათიდან ძალიან შეზღუდულია. იტალია, ინგლისი, გერმანია და ესპანეთი – ასევე მასპინძლები არიან და მათ თავიანთი ჯგუფები აქვთ. უკრაინა და რუსეთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არიან დაშორებული ერთმანეთისგან. ასე რომ, პირველი კალათის გუნდებიდან რუსეთისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბელგია. შესაბამისად, ეს გუნდი ჩაჯდება B ჯგუფში.
ანალოგიური სიტუაციაა უკრაინასთან დაკავშირებით. ჰოლანდია მეორე კალათიდან C ჯგუფში მოხვდა, რადგან აქ ერთ-ერთი მასპინძელი ამსტერდამია. პირველი კალათიდან სხვა მასპინძლები ჰოლანდიასთან ვერ მოხვდებოდნენ, ბელგია B ჯგუფში უნდა წასულიყო, ასე რომ, რჩებოდა მხოლოდ უკრაინა.
ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება.