ყველა გუნდს პატივს ვცემთ - სკალონიმ ხორვატიასთან ნახევარფინალსა და ნიდერლანდებთან სკანდალზე ისაუბრა #1TVSPORT
ყველა გუნდს პატივს ვცემთ - სკალონიმ ხორვატიასთან ნახევარფინალსა და ნიდერლანდებთან სკანდალზე ისაუბრა #1TVSPORT

ლიონელ სკალონიმ ხორვატიასთან ნახევარფინალამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ბევრი კითხვა დაუსვეს მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან თამაშის კონფლიქტურ დასრულებაზე. ამ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელებს რეკორდული რაოდენობით ყვითელი ბარათები აჩვენა.

ემოციებმა იფეთქა თამაშის შემდეგაც, როდესაც ლიონელ მესიმ ვეგჰორსტს სულელი უწოდა, დენზელ დუმფრისმა კი მეორე ყვითელი ბარათი და, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. მაგრამ არგენტინელთა 44 წლის მწვრთნელი ამ კითხვებმა გააღიზიანა.

„ზოგიერთ მატჩში შეიძლება მოხდეს სხვადასხვა რამ, როგორებიცაა ჩხუბი და უხერხული მომენტები. ამიტომ არის არბიტრი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი სამართლიანად გაგრძელდეს.

მაგრამ ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ მოსაზრებას, რომ არასპორტული გუნდი და განგსტერები ვართ. ჩვენ სიამაყით ვთამაშობთ და ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გუნდს, ნიდერლანდებს, ხორვატიასა და ყველა სხვა მეტოქეს. ეს არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ არ ვართ ცუდი გამარჯვებულები ან დამარცხებულები. ჩვენი ქვეყანა ასე არ გვინდა წარმოვაჩინოთ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან წავაგეთ და არაფერი მომხდარა. როდესაც ჩვენ მოვიგეთ კოპა, მესი და ნეიმარი გვერდიგვერდ ისხდნენ მოთამაშეთა გვირაბში. ვთვლი, რომ მესის უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ვეგჰორსტთან და ლუი ვან გაალთან ინციდენტის გამო. მესის კარგად ვიცნობ, ის ყოველთვის ნამდვილი გამარჯვებულია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ემოციურია.

სავარაუდოდ, სამშაბათს საღამოს თამაშს ძირითადში ნიკოლას ტალიაფიკო დაიწყებს, რადგან ვერ დავეყრდნობი სხვა მარცხენა მცველებს – მარკოს აკუნიასა და გონსალო მონტიელის, რომლებმაც ნიდერლანდებთან ყვითელი ბარათები მიიღეს და დისკვალიფიცირებულები არიან.

ხორვატიასთან ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როდრიგო დე პაული და ანხელ დი მარია. ორივე მოთამაშეს მეოთხედფინალური მატჩის დროს ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ ისინი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ და მთელი დატვირთვით მუშაობენ. თუმცა უნდა დავაკვირდეთ, რამდენი წუთის თამაში შეუძლიათ“, – განაცხადა ლიონელ სკალონიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 1/2-ფინალური მატჩი ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის 13 დეკემბერს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.