„ყველა ოფიციალურ ცნობარში დაიწერება, რომ რუსეთმა ვერ მოიგო ვერც ერთი მედალი“
„ყველა ოფიციალურ ცნობარში დაიწერება, რომ რუსეთმა ვერ მოიგო ვერც ერთი მედალი“

დასავლური პრესა რუსეთის ოლიმპიურ დისკვალიფიკაციაზე წერს. გამოცემები აქცენტს აკეთებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებიც პიოჩანგის თამაშებში მონაწილეობის ნებართვას მიიღებენ, ნეიტრალური ფორმით იასპარეზებენ, რუსეთის ანგარიშზე კი  არც ერთი ოლიმპიური მედალი არ დაფიქსირდება. მედია ხაზს უსვამს, რომ მომხდარს ფიფა-ს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და ვიტალი მუტკო კვლავ პასუხისმგებელია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე.

The New York Times – ყველა ოფიციალურ ცნობარში დაიწერება, რომ რუსეთმა ვერ მოიგო ვერც ერთი მედალი

„რუსეთის ოლიმპიური ნაკრები ჩამოაშორეს პიონჩანგის თამაშებში მონაწილეობას. სახელმწიფო ჩინოვნიკებს აუკრძალეს ოლიმპიადაზე დასწრება, ქვეყნის დროშა არ იქნება გახსნის ცერემონიაზე და რუსული ჰიმნი არ აჟღერდება კორეაში.

ყველა სპორტსმენი რუსეთიდან, რომელიც მიიღებს სპეციალურ ნებართვას თამაშებში მონაწილეობაზე, ნეიტრალური ფორმით იასპარეზებს, ყველა ოფიციალურ ცნობარში კი დაიწერება, რომ რუსეთმა ვერ მოიგო ვერც ერთი მედალი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეს გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ მთელი ერი დამნაშავეა ფართომასშტაბიანი დოპინგპროგრამის განხორციელებაში. ეს სქემა კონკურენციას გაუწევს იმ დოპინგდანაშაულებს, რომელსაც გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ჰქონდა ადგილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში“.

The Guardian – მუტკო ჯერ ისევ პასუხისმგებელია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე

„რუსეთისთვის ოლიმპიადაზე გამოსვლის აკრძალვა, საერთო ჯამში, მისასალმებელია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ვიტალი მუტკო ჯერ ისევ პასუხისმგებელია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე?

საერთოდ, ოლიმპიური კომიტეტი საკმაოდ დიდი ხანი უცნაურად არ გამოხატავდა სურვილს – ებრძოლა რუსული დოპინგსისტემის წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რამდენად გამაოგნებელი იყო მტკიცებულებები და რამდენად ხმამაღლა ისმოდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ეწინააღმდეგებოდა ყველანაირი სანქციების შემოღებას, მაგრამ სამშაბათს მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა მოქმედებისა. სიმართლემ, როგორც იქნა, გაარღვია მისი ძლიერი დაცვა. გამოძიების დასკვნების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კარგი მეგობარი ბახიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „ადგილი ჰქონდა ოლიმპიადისა და მსოფლიოს სპორტის მთლიანობაზე უპრეცედენტო შეტევას“.

დანაშაულის გამაოგნებელი მასშტაბურობის გათვალისწინებით, ზოგიერთს მიაჩნია, რომ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო რაღაცნაირად პასუხისმგებელი რჩება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს რაღაც რეაქციას გამოიწვევდა ფიფაში. მაგრამ, არა. იქ აცხადებენ, რომ „ეს არანაირად არ იმოქმედებს ტურნირისთვის მზადებაზე“. ალბათ, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. იქ არასოდეს ზრუნავდნენ თამაშის სისუფთავეზე“.

Mail Online – რუსეთი მაინც უარზეა

„რუსეთის ვიცე-პრემიერის, ვიტალი მუტკოს სამუდამო ოლიმპიური დისკვალიფიკაცია – ეს დიდი პრობლემაა ფიფა-სთვის მოახლოეული მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსეთში უნდა გაიმართოს. მუტკო რჩება რუსული ფეხბურთის ხელმძღვანელად და გასულ პარასკევს სცენაზე ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით იდგა, როგორც ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი. ფიფა-ში ამბობენ, რომ სანქციები არანაირად არ იმოქმედებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაზე და უარი თქვეს მუტკოს დისკვალიფიკაციის კომენტირებაზე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს ჰკითხეს – ჩავა თუ არა ივნისში რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნაზე. „ჯერ არ მიმიღია მიწვევა, თუ მიმიწვევენ, გადაწყვეტილებას მივიღებ“, – უპასუხა მან.

ამასთან, რუსეთი მაინც უარყოფს დოპინგის მხარდაჭერაში სახელმწიფო პროგრამის არსებობას“.

The Telegraph – შეცვლიან მუტკოს 2018 წლის მუნდიალის ორგკომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე?

„ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, რომელსაც ადრე სპორტის მინისტრის პოსტი ეკავა, სამუდამო ოლიმპიური დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამან, შეიძლება წამოაყენოს მოთხოვნა – ჩამოაშორონ ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას. თუმცა, შმიდტის ანგარიშში არ იყო მოყვანილი იმის მტკიცებულება, რომ მან პირადად გაუკეთა ორგანიზება სადოპინგო სქემას ან იცოდა ამ დანაშაულის შესახებ. თუმცა, ამაზე მიუთითებს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის დღიურები“.

Le Monde – რუსეთის მოკვეთა – გადატრიალებაა სპორტის სამყაროში

„რუსეთის მოკვეთა – ეს ნამდვილი გადატრიალებაა სპორტის სამყაროში. რუსეთი ხომ, ტრადიციულად, ძლიერია ზამთრის სახეობებში. ეს ქვეყანა ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად ითვლება. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ბევრ პრობლემას მოუტანს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ბევრ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციას, რადგან ბოლო წლებში მსხვილი ტურნირები რუსეთში იმართებოდა და ბევრი ფედერაცია რუსული სპონსორების ხარჯზე ცხოვრობდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისთვის. პუტინმა მას პირადად მიულოცა 2013 წელს კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა“.

დატოვე კომენტარი