ყურადღება მიაქციეთ ნინიაშვილსა და გორგაძეს - რაგბი ევროპამ ქართველი მორაგბეები გამოარჩია #1TVSPORT
ყურადღება მიაქციეთ ნინიაშვილსა და გორგაძეს - რაგბი ევროპამ ქართველი მორაგბეები გამოარჩია #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი 4 თებერვლიდან აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 5 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტურნირის დაწყების წინ რაგბი ევროპის ვებგვერდმა იმ მორგბეების შესახებ გამოაქვეყნა წერილი, ვისაც ტურნირის მიმდინარეობისას გულშემატკივარმა ყურადღება უნდა მიაქციოს, „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობიდან ამ სიაში დავით ნინიაშვილი და ბექა გორგაძე მოხვდნენ.

„საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ „ლიონში“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. 20 წლის ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა, ვისი თამაშიც ყურადღებას იპყრობს. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს – ნებისმიერ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ის ახალი სიმაღლეების დაპყრობას შეეცდება.

ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და, შესაძლოა, სასტარტო მატჩები გამოტოვოს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშების დროს სათამაშოდ მზად იქნება.

საქართველოს ნაკრებში ყურადღებას იმსახურებს ბექა გორგაძის თამაშიც. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მსგავსი მოთამაშეები მწვრთნელებს ძალიან უყვართ – ყველა შეხვედრის დროს დაუღალავად შრომობს და თავის მაღალ კლასს ყოველთვის ამტკიცებს“, – წერს რაგბი ევროპის ოფიციალური ვებგვერდი.