ყრუაშვილის ბრიგადა კონფერენს ლიგაზე - ქართველი არბიტრები „ფეიენორდი“-„უნიონს“ განსჯიან #1TVSPORT
უეფა ქართველ მსაჯებს ამჯერადაც ენდო და დიდ საერთაშორისო ტურნირზე კიდევ ერთხელ დანიშნა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ქართველი მსაჯები მოემსახურებიან შეხვედრას, რომელიც 21 ოქტომბერს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, ფეინორდის „დე კუიპის“ სტადიონზე გაიმართება – კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ერთმანეთს „ფეიენორდი“ და ბერლინის „უნიონი“ დაუპირისპირდებიან.
ნიდერლანდურ-გერმანული დაპირისპირების მთავარ არბიტრად უეფა-მ გიორგი ყრუაშვილი დანიშნა. მას ასისტენტობას ტრადიციულად ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი დავით ხარიტონაშვილი გაამწესეს.
გიორგი ყრუაშვილი ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული ქართველი არბიტრია. თავის ბრიგადასთან ერთად მას უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე უმუშავია. 2021 წელს უეფა-მ ყრუაშვილი 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაზე დანიშნა, რომლის შემდეგაც მას ფინალური შეხვედრა განსჯა მიანდო, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.