ყოფილი ოძეკების შერკინებაში ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა [ვიდეო]
ყოფილი ოძეკების შერკინებაში ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა [ვიდეო]

ზაფხულის სუპერტურნირის შიგიჩიგაცუ ბაშოს მე-11 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ასევე ყოფილი ოძეკი – ტერუნოფუჯი იყო. სპორტსმენები აქამდე 11-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და მონღოლს გამარჯვება ცხრაჯერ დარჩა. ტერუნოფუჯი შესანიშნავ ფორმაშია და ქართველთან შეხვედრამდე ცხრა გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა.

დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა – მძლავრი პირველი შეჯახების (ტაჩიაი) შემდეგ, ლევანმა უპირატესობა მოიპოვა და ტერუნოფუჯი დოჰიოს კიდისკენ დაძრა, მაგრამ მონღოლმა მისი წინსვლა შეაჩერა და მომგებიანი პოზიცია მოიპოვა. ტოჩინოშინმა ერთხელაც შეუტია და ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მისმა მეტოქემ იორიკირით გაიმარჯვა.

ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ტურნირის დასრულებამდე ოთხი დღე რჩება და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მას მინიმუმ ორი გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება.

დატოვე კომენტარი