ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი – 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.