ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებების საკითხზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებების საკითხზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებების ფონზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირგიზეთის მხარემ საზღვარზე წარმოქმნილი პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენბეკ კულუბაევი მუდმივ კავშირზეა ტაჯიკ კოლეგა სიროჟიდინ მუჰრიდინთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე რაიონში შექმნილი რთული სიტუაციის დასარეგულირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტაჯიკეთში ყირგიზეთის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ყირგიზეთის ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს, რომ დღეს დილიდან ყირიგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ უახლოეს ხანში დაგეგმილია ორი ქვეყნის საზღვრისპირა რაიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელსაც ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.