ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის განაჩენი გააუქმა
ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის განაჩენი გააუქმა

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის განაჩენი გააუქმა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ალმაზბეკ ატამბაევს კორუფციაში ედებოდა ბრალი. მას ბრალი 2020 წლის ივნისში წაუყენეს და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპრეზიდენტს ასევე ჩამოართვეს ქონება და ყველა მიღებული ჯილდო. ახლა აღნიშნულ საქმეს სასამართლოში ხელახლა განიხილავენ.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასევე ფიგურირებს ბიშკეკსა და დასახლება კოი-ტაშში 2019 წელს მომხდარი არეულობის საქმეშიც. ამ დასახლებაში არეულობა 2019 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ორჯერ სცადეს, შტურმით აეღოთ ​ატამბაევის რეზიდენცია. სპეცოპერაცია, რომელშიც 300 პოლიციელი მონაწილეობდა, ორ დღეს გრძელდებოდა და საბოლოოდ, ატამბაევის დანებებით დასრულდა. მომხდარის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო 225 ადამიანი დაშავდა.

ოქტომბერში ყირგიზეთში აქციები ხელახლა დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. დემონსტრანტები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცესკო-მ არჩევნების შედეგები გააუქმა.

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს.