ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს
ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს

ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყოფილი დეპუტატი ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში წუხანდელი არეულობის შემდეგ გათავისუფლდა.

ცოტა ხნის წინ, თანამდებობა დატოვა ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა, დასტანბეკ ჯუმაბეკოვმაც. ამასთან, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს ოთხმა გუბერნატორმა და ბიშკეკის მერმა, აზიზ სურაკმატოვმა.

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტოს მონაცემებით, აქციებზე დაპირისპირების შედეგად 700-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 200 სამართალდამცველია. ერთი ადამიანი კი, გარდაიცვალა.

მოქალაქეების უკმაყოფილება კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია, სადაც არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან 7%-იანი ბარიერი მხოლოდ პროსახელისუფლო ოთხმა პარტიამ გადაკვეთა. 12 ოპოზიციური პარტია კი, მანდატების გარეშე დარჩა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც მთავრობის ადმინისტრაციაც არის განთავსებული. მოგვიანებით, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.