ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის შორის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. აღნიშნულის შესახებ ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში განაცხადეს.

პრესცენტრის ინფორმაციით, 24 ივლისს, ბატკენის რაიონში, ტაჯიკეთის სასაზღვრო რეგიონის მცხოვრებლებმა ყირგიზული მხარის თანხმობის გარეშე ერთ-ერთ ტერიტორიაზე დაიწყეს ქვიშისგან გაწმენდითი სამუშაოები.

„ყირგიზი მესაზღვრეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მცხოვრებლები ადგილზე მივიდნენ. ყირგიზული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ტაჯიკურმა მხარემ მიმდინარე სამუშაოები არ შეაჩერა. უფრო მეტიც, ტაჯიკეთის მოქალაქეებმა ყირგიზების ცემაც სცადეს. მხარეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბსა და ქვების სროლაში გადაიზარდა“, – ნათქვამია ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციაში.

ყირგიზული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის მიმართულებით სროლაც დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ამჟამად საზღვარზე არსებული სიტუაცია სტაბილურად ფასდება.