ყიფიანმა „ლოკომოტივს“ ახალი მოთამაშეები წარუდგინა - გუნდმა ქართული კიბერსპორტის მესი და რონალდო აიყვანა #1TVSPORT
ყიფიანმა „ლოკომოტივს“ ახალი მოთამაშეები წარუდგინა - გუნდმა ქართული კიბერსპორტის მესი და რონალდო აიყვანა #1TVSPORT

ისტორიაში პირველად, FIFA-ს მიერ აღიარებული (ვერიფიცირებული) საფეხბურთო კლუბი საქართველოში თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა. გუნდის სახელით eSports-ის ტურნირებზე ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი ითამაშებენ.

„უკვე მეხუთე წელია, რაც ე-სპორტში ჩემპიონატი ტარდება, ახლა კი ეროვნული ლიგის მესამე სეზონი იწყება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ პირველი წარმომადგენელი „ლოკომოტივს“ ეყოლება. ეს კარგი პრეცედენტია და იმედია, სხვა გუნდებიც მიბაძავენ და ეროვნული ლიგა შეივსება“, – ამბობს საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციის დამფუძნებელი ლევან გოგორელიანი.

თემო მჟავია, საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციის დამფუძნებელი: 

„ეს ისტორიული ამბავია. „ლოკომოტივმა“ ისტორია დაწერა და ამის შემდეგ რაც უნდა მოხდეს, ეს გუნდი მუდამ იქნება კლუბი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ე-სპორტის გუნდი პირველმა შექმნა. ესენი არიან ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი.ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ ფაქტობრივად, „ლოკომოტივმა“ ქართული კიბერსპორტის მესი და რონალდუ აიყვანაო. ბრავო „ლოკოს“ – ისტორია დაწერა“.

„ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი გუნდს წარუდგინა:

„ისინი თქვენნაირი ფეხბურთელები არიან, ოღონდ ჩვენი სახელით კიბერსპორტს ითამაშებენ და „ლოკომოტივის“ ღირსებას დაიცავენ. წარმატებები!“.

ლადო ონიანი, „ლოკომოტივის“ კიბერ-ფეხბურთელი:

„მიხარია, რომ პირველი სპორტსმენები ვართ, რომლებიც ქართულ კლუბს წარმოვადგენთ. კარგია, „ლოკომოტივი“ საშუალებას რომ გვაძლევს, მისი სახელით ფიფა-ს ტურნირებზე ვითამაშოთ. ვეცდებით, მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ“.

ნიკა ასათაშვილი, „ლოკომოტივის“ კიბერ-ფეხბურთელი

„მიხარია, რომ ისეთი ისტორიული კლუბი წევრი გავხდი, როგორ „ლოკომოტივია“. კლუბი სულ სიახლეებისკენ ისწრაფის და კიბერსპორტის გუნდი ჩამოაყალიბეს. ბედნიერი ვარ, რომ მე და ლადო ვართ პირველი სპორტსმენები, რომლებიც ამ პროექტში ჩაერთვებიან. შევეცდებით, კლუბს წარმატებები მოვუტანოთ და ეს სახეობა ნელ-ნელა უფრო განვავითაროთ“.