კვარაცხელიამ ყაზანელებს ძველი გამონათქვამი გაახსენა - „ქართველის გარეშე „რუბინი“ არ არის“
კვარაცხელიამ ყაზანელებს ძველი გამონათქვამი გაახსენა - „ქართველის გარეშე „რუბინი“ არ არის“

ყაზანის „რუბინმა“ თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრაში „სოჭი“ 3:2 დაამარცხა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა – ორი გოლი გაიტანა.

„ქართველის გარეშე „რუბინი“ არ არის“ („ბეზ გრუზინა, ნეტ „რუბინა“) – ასე გამოეხმაურა ყაზანის „რუბინის“ ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის წარმატებულ თამაშს.

ეს ცნობილი ფრაზაა, რომელიც ყაზანელმა გულშემატკივრებმა გუნდში ქართველების წარმატებული გამოსვლის გამო მოიგონეს. წლების განმავლობაში, „რუბინში“ ოცამდე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და მათი სიმბოლური ნაკრებიც შეადგინეს.

„რუბინში“ პირველი ქართველი თავდამსხმელი მურად ზადიკაშვილი იყო – იგი სამჯერ დაბრუნდა ყაზანის კლუბში. პირველად იგი „რუბინში“ 1966 წელს მოხვდა… სწორედ მაშინ გაჩნდა გამონათქვამი „ქართველის გარეშე „რუბინი“ არ არის“.

…კვარაცხელიამ „სოჭთან“ მე-19 წუთზე მცველს საჯარიმოსთან ბურთი „მოპარა“, მეკარეს გასცდა და ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად შეასრულა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა 2:2. 66-ე წუთზე კი ხვიჩამ შეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით დასრულდა.

ამ მატჩით გუნდის პირველი შეკრება დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი პირველ საკონტროლო შეხვედრაში ბელგრადის „პარტიზანსაც“ გაუტანა.

მატჩამდე კი ყაზანის „რუბინის“ სამწვრთნელო შტაბმა შეკრება შეაჯამა და ამ ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) შვედი მცველი კარლ სტარფელტი აღიარეს, რომელმაც პრიზად 1000 ევრო მიიღო. მეორე ადგილი ჯორჯ დესპოტოვიჩმა დაიკავა (700 ევრო), მესამე პოზიცია კი ხვიჩა კვარაცხელიამ და ილია სამონიშკოვმა დაიკავეს და 300-300 ევროს დასჯერდნენ.

„რუბინი“ ჩემპიონატს 28 თებერვალს განაახლებს – ყაზახენელები მოსკოვში „სპარტაკის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩს ჩაატარებენ.