ყაზახური მედია - გასახდელში „ორდაბასის“ ქართველ მწვრთნელს ფეხბურთელი ეჩხუბა
ყაზახური მედია - გასახდელში „ორდაბასის“ ქართველ მწვრთნელს ფეხბურთელი ეჩხუბა

ყაზახი ჟურნალისტის, აიდინ კოჟახმეტის ცნობით, ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოკჟეტპესთან“ მატჩის შემდეგ, „ორდაბასის“ ერთ-ერთმა მოთამაშემ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის თანაშემწესთან იჩხუბა. კონფლიქტის ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი.

„თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მწვრთნელის თანაშემწემ ჩიხრაძემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთ სათადარიგო მოთამაშეს მოუხმო, გახურება და ფორმის გადაცმა დაავალა. მან ეს რომ გააკეთა, მთავარ მწვრთნელთან მივიდა. ის კი აღშფოთდა, ვინ დაგიძახაო? მოთამაშე სათადარიგოებში დაბრუნდა. მატჩის შემდეგ, გასახდელში, ფეხბურთელმა უარი თქვა ჩიხრაძესთან ხელის ჩამორთმევაზე. სიტყვაში ერთმანეთს რომ აყვნენ, ფეხბურთელმა ქართველ მწვრთნელს ყბაში ძლიერად დაარტყა. დაიწყო ჩხუბი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მოჩხუბრები სწრაფად გააშველა”, – წერს კოჟახმეტი.

ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ გუნდში ცუდი მიკროკლიმატია: „საღამოს სასტუმროს რესტორანში გუნდის გამოსამშვიდობებელი ვახშამი უნდა გამართულიყო. მაგრამ იქ არავინ მივიდა”.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ პირველად, „ორდაბასი“ ჩემპიონატის ტოპ 4 გუნდში ვერ მოხვდა. გუნდმა სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა.