ყაზახური მედია - ასტანა ქართულ ფედერაციას ვაისის დასათმობად კომპენსაციას შესთავაზებს
ყაზახური მედია - ასტანა ქართულ ფედერაციას ვაისის დასათმობად კომპენსაციას შესთავაზებს
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლის მარტამდე აკავშირებს, ყაზახური გამოცემა „პროსპორტის“ თქმით, საფეხბურთო კლუბმა „ასტანამ“ სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
 
„როგორც „პროსპორტისთვის“ გახდა ცნობილი, „ასტანამ“ ვლადიმერ ვაისთან მოლაპარაკება დაიწყო და მას ყაზახეთის პრემიერლიგის ჩემპიონის ხელმძღვანელობა შესთავაზა. როგორც ჩანს, „ასტანაში“ რომან გრიგორჩუკის დღეები დათვლილია. ნურსულთანის (ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის ახალი სახელი) კლუბი დაინტერესებულია მთავარ მწვრთნელად ცნობილი სლოვაკი სპეციალისტის, ვლადიმირ ვაისის მოწვევით“ – წერს „პროსპორტს“.
გამოცემის მტკიცებით, სლოვაკი სპეციალისტი უარზე არ არის:
„როგორც ჩანს, თავად ვლადიმერ ვაისი არაა წინააღმდეგი, დაბრუნდეს ყაზახეთის პრემიერლიგაში, სადაც „ყაირატს“ სათავეში სამი წელი ედგა. ამ კლუბთან ერთად მან ორჯერ მოიგო ყაზახეთის თასი და ამდენჯერვე ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა“.
ამავე დროს, „პროსპორტი“ თანამშრომლობის დამაბრკოლებელ საკითხებსაც ეხება: „ვაისის ყაზახეთში დაბრუნების გეგმას შეიძლება ხელი შეუშალოს იმ ფაქტმა, რომ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებთან არსებული კონტრაქტი აკავშირებს და ამ ქვეყნის ფედერაცია სლოვაკთან დაშორებას არ აპირებს. მარტში ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ, მათ ევრო-2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური პერსპექტივა აქვთ და ამ ვითარებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს”.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ყაზახური მხარე მზადაა, ქართულ მხარეს წინადადებით მიმართოს: „ამასთან, „ასტანა“ ვაისს კარგ ფინანსურ პირობებს სთავაზობს და ასევე მზადაა, ქართულ მხარეს კომპენსაცია გადაუხადოს. სავარაუდოდ „კაირატის“ ყოფილი დამრიგებელის მისი მთავარი კონკურენტის სათავეში გამოჩენა რეალური ჩანს“.