ყაზახური გამოცემა - ლობჯანიძეს „ტობოლი“ იწვევს
ყაზახური გამოცემა - ლობჯანიძეს „ტობოლი“ იწვევს

ყაზახეთის ჩემპიონატი დასრულების სტადიაშია, მაგრამ კლუბები უკვე ფიქრობენ მომავალი სეზონის გაძლიერებაზე. გამოცემა „ვესტიმ“ ლეგიონერებს შორის ხუთი ძირითადი აღმოჩენა შეარჩია, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყვნენ ლიგის უფრო ძლიერი გუნდებისთვის. მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და „კაისარის“ თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე აღმოჩნდა.

„საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყაზახეთის პრემიერ ლიგაში უკვე მეორე წარმატებული სეზონი ჩაატარა და როგორც ჩანს, ამ ზამთარს კლუბს ისევ შეიცვლის. ლობჯანიძემ აჩვენა არა მხოლოდ გატანის ყველაზე აშკარა შანსების გამოყენების უნარი, არამედ გუნდურად სასარგებლო თამაშიც. ჭორების თანახმად, „კაისარის“ ფორვარდი ძალიან საინტერესოა „ტობოლისთვის“ და დიდი ალბათობით, ფეხბურთელი კოსტანაის კლუბში გადავა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს სეზონი არ დაუსრულებია, რადგან „კაისართან“ კონტრაქტი სეზონის ბოლო ტურებამდე დაუმთავრდა“, – წერს „ვესტი“.

გუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრების შეკრების შემდეგ „კაისარში“ აღარ დაბრუნებულა. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ არ დამალა, რომ შემოთავაზებებიც აქვს ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის 12 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კიდევ ერთი გოლი „ირტიშის“ ჩემპიონატიდან გასვლის გამო გაუუქმეს.