ყაზახური გამოცემა - „კასპიიმ“ კახა ცხადაძე „შერიფში“ არ გაუშვა, ახლა კი გაათავისუფლა #1TVSPORT
ყაზახური გამოცემა - „კასპიიმ“ კახა ცხადაძე „შერიფში“ არ გაუშვა, ახლა კი გაათავისუფლა #1TVSPORT

ყაზახური გამოცემა Meta-ratings.kz-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კასპიის“ ხელმძღვანელობამ კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლება გადაწყვიტა.

„ქართველი მწვრთნელი კონტრაქტის სრული პერიოდის განმავლობაში მისაღები თანხის ანაზღაურებას ითხოვს, მაგრამ 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი არ შეიცავს პუნქტს გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდაზე.

თუმცა, ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ცხადაძე ავტომატურად დატოვებდა კლუბს ჩემპიონატის მეათე ტურის შემდეგ, თუ „კასპიი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილის ქვემოთ იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჩემპიონატში მეხუთე ტურის შემდეგ მიიღეს.

ჩემპიონატის დაწყებამდე ცხადაძეს მოლდოვის „შერიფი“ უნდა ჩაებარებინა, კლუბი მზად იყო, რომ „კასპიისთვის“ ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციად 50 000 დოლარი გადაეხადა, მაგრამ მაშინ აქტაუს კლუბმა მასთან განშორება არ ისურვა“, – ამტკიცებს ყაზახური გამოცემა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ „კასპიიმ“, სადაც ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია თამაშობენ, ჯერ ქულაც ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზეა.