ყაზახური გამოცემა „დინამოზე“ – თბილისური გუნდი ბევრს უშვებდა, მაგრამ ახლა მათ კარში გიორგი ლორია დგას #1TVSPORT
ოთხშაბათს, 12 ივლისს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახეთის დედაქალაქში „დინამო თბილისი“ „ასტანას“ დაუპირისპირდება. შეხვედრის შესახებ ინტერნეტპორტალმა Sports.kz-მა წერილი გამოაქვეყნა და ყაზახეთის ჩემპიონის წლევანდელი მეტოქე წარადგინა.
„ყოველთვის საინტერესოა საუბარი იმ გუნდზე, რომელმაც თავისი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს მედლები 19-ჯერ მოიპოვა. ბოლოს „დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონი 2022 წელს გახდა. 2016 წლიდან ადგილობრივი პირველობა „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემას დაუბრუნდა. თბილისის წარმომადგენლებმა პირდაპირ კონკურენტს, ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ ორი ქულით გაუსწრეს და ყაზახეთის უძლიერეს გუნდთან შეხვედრის უფლება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატში, სადაც უკვე 19 ტური გაიმართა, „დინამო თბილისი“ ჯერ ვერ ბრწყინავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს, ბათუმელებს რვა ქულით ჩამორჩება, „საბურთალოს“ – ოთხით, ხოლო „სამგურალს“ – სამით. ამავდროულად, „დილას“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებენ. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, „დინამო“ წელს მედლების გარეშე დარჩეს, თუმცა „ასტანას“ მეტოქეს ჩემპიონის ტიტულის დაცვა გაუჭირდება.
ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში რაღაცები შეიცვალა. გუნდი მხოლოდ ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა, რომელიც სომხურ „პიუნიკში“ იჯარით გადავიდა. „დინამოს“ საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის „ანორთოსისიდან“ დაბრუნდა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიური „შკუპიდან“ ცენტრალური მცველი გაგა მარგველაშვილი დაიმატეს – ორივე თავისუფალი აგენტის სტატუსით. 21 წლის ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი კი ქუთაისის „ტორპედოში“ იჯარის შემდეგ დაბრუნდა.
„დინამო“ ამ სეზონში 4-2-3-1 ან 4-3-3 ტაქტიკას იყენებს, რომელიც გარკვეულ მომენტებში შეიძლება გარდაიქმნას 4-1-4-1-ად. ეს არის ტაქტიკურად მოქნილი გუნდი, რომელმაც იცის, როგორ გარდაიქმნას მატჩის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, „დინამო თბილისი“ საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი მონაწილეა, რომელმაც 19 მატჩში 44 გოლი გაიტანა, საშუალოდ 2,32 გოლი თამაშში. მართალია, თავადაც ბევრს უშვებდა, მაგრამ ახლა მათ კარში გიორგი ლორია დგას, რომელმაც უკვე მოახერხა ბათუმის „დინამოსთვის“ საქართველოს სუპერთასის ჩამორთმევა.
ზოგადად, ეს არის ტიპური ქართული გუნდი – ტექნიკური და ემოციური, რომელიც ცდილობს შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას. ასე რომ, 12 ივლისს „ასტანა არენას“ ტრიბუნაზე ყოფნა მოსაწყენი არ უნდა იყოს“, – წერს ყაზახური გამოცემა.