ყაზახური „აკტობეს“ შემდეგ პირველ კლუბში - თოთაძე „გაგრაში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ყაზახური „აკტობეს“ შემდეგ პირველ კლუბში - თოთაძე „გაგრაში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ლაშა თოთაძე კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს. გამოცდილი მცველი თავის პირველ კლუბს ყაზახეთის „აკტობედან“ წამოსვლის შემდეგ შეუერთდა.

ლაშა თოთაძე 32 წლისაა. პროფესიული კარიერა 2007 წელს „გაგრაში“ დაიწყო, საიდანაც კიევის „დინამოში“ (2008–2010) გადავიდა, მაგრამ მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და „გაგრაში“ დაბრუნდა. ახლა ის კლუბში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

ამის შემდეგ თოთაძემ ბევრი კლუბი შეიცვალა – წავიდა უნგრეთში და მოირგო „დიორისა“ და „ლომბარდ-პაპას“ ფორმა, ასევე უთამაშია გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, „საბურთალოში“, „სამტრედიაში“, ირანულ „ნასაჯიში“, უზბეკურ „კიზილკუმში“.

2014 წლის ივნისიდან იცავდა „დინამო თბილისის“ ღირსებას და მისი კაპიტანი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სეზონში „დინამოში“ ჩატარებულ 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა და გუნდის და ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი იყო. „დინამოში“ მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ლაშა ბევრჯერ მიიწვიეს „ჯვაროსნების“ შეკრებაზე, მაგრამ ეროვნული გუნდის ფორმით არ უთამაშია. იყო ახალგაზრული ნაკრების მოთამაშე.