ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ყაზახეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არჩევნები ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ისტორიულია, რადგან ბოლო 29 წლის განმავლობაში პირველად, კანდიდატებს შორის არ არის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

ნურსულთან ნაზარბაევმა მიმდინარე წლის მარტში თანამდებობა დატოვა და თავის შემცვლელად სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დაასახელა. მალევე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტოკაევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტზე რეკორდული რაოდენობის – შვიდი კანდიდატი იყრის კენჭს. ქვეყნის პირველი პირის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტოკაევი მიიჩნევა.

ყაზახეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთსა და იმავე პირს ზედიზედ ორ ვადაზე მეტი ხნით ეკრძალება, თუმცა აღნიშნული წესი არ ვრცელდებოდა ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე, ნურსულთან ნაზარბაევზე. 2015 წელს ის ხმების 98%-ით მეხუთე ვადით აირჩიეს.