ყაზახეთში მთავრობა გადადგა
ყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ამასთან, თოყაევმა ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაავალა, რომ 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო რეგულირება დააწესოს გაზის, ბენზინის, დიზელისა და სოციალურად მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების ფასზე. საწვავის ფასი ყაზახეთში პირველი იანვრიდან 120 ტენგემდე გაიზარდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას დათანხმდა, თუმცა აქციის მონაწილეები ამან ვერ შეაჩერა.