ყაზახეთისა და ანდორის 21-წლამდე ნაკრებების საკვალიფიკაციო მატჩი გიორგი ავაზაშვილმა განსაჯა #1TVSPORT
გიორგი ავაზაშვილი კიდევ ერთი ქართველი მსაჯია, რომელიც საერთაშორისო შეხვედრას მოემსახურა – ის უეფა-მ 21-წლამდელთა შორის ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დანიშნა.
ყაზახეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასტანაში ანდორა 1:0 დაამარცხა. ფიფა-ს არბიტრის რანგში ავაზაშვილისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და გიორგი ელიკაშვილი უწევდნენ, მეოთხე მსაჯი კი კობა რევაზაშვილი გახლდათ. ამ შეხვედრაში ავაზაშვილმა ყვითელი ბარათი ოთხჯერ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ავაზაშვილი და ალეკო აფციაური ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი არბიტრები არიან, რომლებსაც ფიფა-მ 2024 წლის დასაწყისში საერთაშორისო კატეგორიის ვიდეორეფერის სტატუსი მიანიჭა.
საერთაშორისო მატჩებზე უეფა-მ ქართველი ქალი არბიტრებიც მიავლინა. ერთა ლიგის შეხვედრას ლატვიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ნაკრებებს შორის მთავარი მსაჯის რანგში მზევინარ შარაშანიძე გაუძღვა, რომელსაც ასისტენტების როლში სოფო წულაია და ელენე ელოშვილი ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი კი თეონა სტურუა გახლდათ.
2025 წელს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებს 18 ქართველი მსაჯი მოემსახურა, მათ შორის ორი ქალი და ორიც – ვიდეორეფერი.