ყაზახეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს
ყაზახეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს

ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს – შოთა გრიგალაშვილი და გუჯა ლობჯანიძე.

კიზილ ჟარას“ 34 წლის კაპიტანმა შოთა გრიგალაშვილმა გასვლით მატჩში „ოკჟეტპესთან“ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა. თუმცა, გუნდს მისმა გოლმაც ვერ უშველა და 1:2 დამარცხდა. ეს მიმდინარე სეზონში ვეტერანი ქართველი ნახევარმცველის პირველი გოლია.

საქართველოს ნაკრებისა და „კაისარის“ 28 წლის თავდამსხმელმა ლობჯანიძემ სტუმრად გამართულ შეხვედრაში თავის ყოფილ კლუბს, „ტარაზს“ ორი გოლი გაუტანა. მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და 61-ე და 82-ე წუთებზე ლობჯანიძის შესრულებული დუბლით სტუმრებმა ქულა გადაარჩინეს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა „კაისარში“ 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

„შეხვედრა „ტარაზმა” კარგად დაიწყო და პირველ ნახევარში „კაისარს“ ორი გოლი გაუტანა. თუმცა, საბოლოოდ, საკმაოდ დიდი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მათ ეს მოგება წაართვა გუჯა ლობჯანიძემ, რომელიც შარშან „ტარაზში“ თამაშობდა. შესვენების შემდეგ ქართველი „მგელი“ საჭირო დროს და საჭირო ადგილას ორჯერ აღმოჩნდა, რის შედეგადაც მასპინძელთა უპირატესობა გააბათილა. მან, ფაქტობრივად, წაგებული მატჩი გადაარჩინა“, – წერს ყაზახური გამოცემა.

„სპორტსი“ „კიზილ ჟარას“ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის სიმბოლურში შეყვანის მიზეზზე უფრო ლაკონურად წერს: „შოთა გრიგალაშვილი აქტიური იყო „ოკჟეტპესის“ წინააღმდეგ მატჩში და გოლი გაიტანა“.