ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „ულსანმა“ კი გასვლაზე „პოჰანგ სტელერსთან“ შეხვედრა ფრედ 1:1 დაასსრულა.
K-ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და ფინალური ეტაპი დაიწყო. პოჰანგის „სტელ-იარდზე“ გამართულ მესამე ტურის მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა – მასპინძელთა კარი აიღო ვაკომ ყაზაიშვილმა, რომელიც „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ქართველის გუნდს მატჩის ბოლომდე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, შენარჩუნება ვერ მოახერხა – ლი ჰო-ჯაემ წონასწორობა მატჩის მიწურულს (მე-80 წუთი) აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 1:1.
„ულსანმა“ ქულები კი დაკარგა, მაგრამ 36 ტურის შემდეგ 73 ქულა აქვს და კონკურენტ „ჯეონბუკ მოტორსს“ (64) მაინც სოლიდური უპირატესობით ასწრებს. ვაკო ყაზაიშვილმა კი 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი შედეგიანი მოთამაშეა.