ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში გოლი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „ჰენანთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველის გუნდისთვის თამაში შესანიშნავად დაიწყო – „ჰენანი“ 26-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო 63-ე წუთზე „შანდუნ ტაიშანმა“ ანგარიში გახსნა და მიიჩნიეს, რომ 10 მოთამაშით დარჩენილ მეტოქესთან მოგება გარანტირებული ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, სტუმრებმა წარმოუდგენელი შეძლეს და ბოლო წუთებზე (მე-80 და 88-ზე) ორი გოლის გატანა მოახერხეს. თუმცა, 90+1-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ზუსტი დარტყმით მეტოქის კარი აიღო და თამაში გადაარჩინა.
ჩინეთის სუპერლიგაში გამართული 5 ტურის შემდეგ „შანდუნ ტაიშანმა“ 8 ქულა მოიპოვა და მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, მან მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილმა მეორე საუკეთესო შეფასება (8,2) მიიღო.