ყაზაიშვილის სერია გრძელდება - „ულსანმა“ ქართველის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ისევ გაიტანა და „ულსან ჰიუნდაის“ კონკურენტ „სეულთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

კორეის K ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი შემტევის გუნდმა მატჩი სასურველი სცნარით დაიწყო და მე-15 წუთზე მარტინ ადამის გოლით დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სეულმა“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ამის შემდეგ ყაზაიშვილმა გაიბრწყინა. 49-ე წუთზე ვაკომ „ულსანი“ ისევ დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „სეულმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და ყაზაიშვილმა გუნდმა ექვს ქულად შეფასებული თამაში მოიგო.

13 ტურის შემდეგ „ულსან ჰიუნდაი“ 34 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „სეულთან“ (23) უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ყაზაიშვილმა კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა და ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ხუთი გოლია.