ყაზაიშვილის გოლით და საგოლე გადაცემით „შანდონგ ტაიშანმა“ გასვლითი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი კარგი თამაში ჩაატარა ჩინეთის სუპერლიგაში და „შანდონგ ტაიშანს“ გასვლით შეხვედრაში „ქინგდაო ვესტ ქოუსთის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:1.
ჩინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი „შანდონგ ტაიშანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლთან ერთად, ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა და მაღალი შეფასება (8.5 ქულა) მიიღო.
ვაკომ 55-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 75-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით თავი „შანდონგის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, კრისანმა გამოიჩინა.
ამ მოგებით „შანდონგ ტაიშანმა“ 16 ქულა დააგროვა და შვიდი ტურის შემდეგ ჩინეთის სუპერლიგის ლიდერია. ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.