ყაზაიშვილის ეფექტური გოლი სამხრეთ კორეაში - ვაკომ ლიდერს ქულა გადაურჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდsს ქულის გადარჩენაში დაეხმარა. ეს K ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში მოხდა – „ულსან ჰიუნდაიმ” „სეულს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 50-ე წუთზე „სეულის“ რუსმა თავდამსხმელმა სტანისლავ ილიუჩენკომ გახსნა, მაგრამ ვაკომ 8 წუთში ანგარიში გაათანაბრა.

ყაზაიშვილმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო. მას მცველი ფარავდა, მაგრამ ბურთიანად ისე შემოტრიალდა, მცველს თავბრუ დაახვია და საჯარიმოს ხაზიდან კარში გაისროლა – მეკარეს მცველი ეფარებოდა და რეაგირება ვერ მოახერხა, „ულსანის“ მწვრთნელი კი ისე გაახარა, სათადარიგოთა სკამიდან წამოდგა და ტაში დაუკრა.

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ულსანმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მაგრამ 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსანი „ჯეონბუკი” (სადაც თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა) 6 ქულით ჩამორჩება.