ყაზაიშვილი „ულსანში“ ჩემპიონი გახდა და კორეულ კლუბს დაემშვიდობა #1TVSPORT
ყაზაიშვილი „ულსანში“ ჩემპიონი გახდა და კორეულ კლუბს დაემშვიდობა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად სამხრეთ კორეის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„სეზონის დასრულების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ ქართველმა შემტევმა გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და გულშემატკივარსაც დაემშვიდობა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში და ქართველი მოთამაშის კომენტარია გამოქვეყნებული.

„დიდი მადლობა „ულსან ჰიუნდაის“. მინდა, მადლიერება გამოვხატო გულშემატკივრების იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი”, – ამბობს ქართველი ნახევარმცველი.

ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაიში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ორჯერ სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა. მისი ახალი კლუბი ჯერ უცნობია.

30 წლის შემტევმა კარიერა 2010 წელს „საბურთალოში“ დაიწყო. იჯარით ითამაშა რუსთავის „მეტალურგსა“ და ბოლნისის „სიონში“, ხოლო 2011–2017 წლებში ნიდერლანდურ „ვიტესში“ გამოდიოდა. იჯარით გადავიდა ვარშავის „ლეგიაში (2016–2017), ხოლო 2017–2020 წლებში „სან ხოსეში“ (აშშ) თამაშობდა.

ყაზაიშვილი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2014 წლიდან იწვევდნენ საქართველოს ერონულ გუნდში, სადაც 62 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.