ყატარი 2022-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო – პირველ დღეს ფიფა-ში 1.2 მილიონი განაცხადი შევიდა #1TVSPORT
epa09603243 General view of the clock counting down to the first match of the FIFA World Cup 2022 at Doha Corniche in Doha, Qatar, 25 November 2021. The FIFA World Cup 2022, the first to be held in the Middle East, will take place in Qatar from 21 November to 18 December 2022. EPA-EFE/NOUSHAD THEKKAYIL
დაიწყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის პირველი ეტაპი – ამის შესახებ იტყობინება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა).
ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ფეხბურთის მოყვარულებს შეეძლებათ განაცხადები გააკეთონ ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. თუ განაცხადების რაოდენობა გადააჭარბებს ბილეთების რაოდენობას, მფლობელები შემთხვევითი წილისყრის მეთოდით გამოვლინდებიან.
პირველივე დღეს ფიფა-ში 1.2 მილიონი განაცხადი შევიდა. ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო ყატარიდან, არგენტინიდან, მექსიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ფინალური მატჩის ბილეთებისთვის მთელი მსოფლიოდან შესულია 140 ათასზე მეტი განაცხადი.
ჯგუფური ეტაპის მატჩებზე უცხოელი გულშემატკივრებისთვის ბილეთების ღირებულებაა – 69 დოლარიდან 220 დოლარამდე, ადგილობრივებისთვის – 11 დოლარი. ფინალის ბილეთის ფასია: უცხოელებისთვის – 604-დან 1.6 ათას დოლარამდე, ადგილობრივებისთვის – 206 დოლარი.
11 დოლარი – მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩზე დასასწრები ბილეთის ყველაზე დაბალი ღირებულებაა 1986 წლის ტურნირის შემდეგ. მაშინ მექსიკაში ბილეთის ფასი სამი დოლარი იყო.
ბილეთების რეალიზაციის მეორე ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრამდე (1 აპრილი) დაიწყება. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ბილეთები „ცოცხალი რიგის“ რეჟიმში შეიძინონ.
ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.