„ყარაბაღის“ ვეტერანი მოთამაშე - გუგეშაშვილი ცივსისხლიანი იყო, მხოლოდ „მარსელის“ წნეხის დროს შეცდა #1TVSPORT
„ყარაბაღის“ ვეტერანი მოთამაშე - გუგეშაშვილი ცივსისხლიანი იყო, მხოლოდ „მარსელის“ წნეხის დროს შეცდა #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ზაურ გაშიმოვმა azerisport.com-თან კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის პირველ პლეი-ოფში ფრანგულ „მარსელთან“  მარცხზე (1:3) და ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შეცდომაზეც ისაუბრა:

„გუნდმა „მარსელთან“ ძალიან კარგად ითამაშა, „ყარაბაღმა“ აჩვენა, რომ კავკასიური „ბარსელონაა“. პირველ ტაიმში საგოლე ეპიზოდები რომ გამოეყენებინათ, არა მხოლოდ ფრეს, არამედ გამარჯვებასაც მიაღწევდნენ. ყველა მოთამაშემ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. ცხადი იყო, რომ ლუკა გუგეშაშვილი არ ღელავდა. მან შეცდომები დაუშვა მეტოქის უდიდესი წნეხის მომენტებში, როცა „მარსელის“ უპირატესობა აშკარა იყო. იქნებ ლუკა იმ ეპიზოდებისთვის მზად არ იყო. ზოგადად ცივსისხლიანი იყო, ხოლო ორიოდე ეპიზოდში – კარგიც გახლდათ. ბუნებრივია, მეკარის შეცდომებმა ანგარიშზე იმოქმედა. რომ არა ეს შეცდომები, გუგეშაშვილი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდებოდა“, – განაცხადა გაშიმოვმა.

მან განმეორებით შეხვედრაზეც ისაუბრა და „ყარაბაღის“ შანსები, რომელიც „კავკასიური ბარსელონად“ მონათლა, მინიმალუმად შეაფასა: 

„აშკარაა, რომ „მარსელის“ მწვრთნელი ხორხე სამპაოლი „ყარაბაღს“ პატივს სცემს და ეშინია. ალბათ, ბაქოში „მარსელი“ თამაშს ხუთი მცველით დაიწყებს. ამ მხრივ ადგამის გუნდს გაუჭირდება. „ყარაბაღი“ თამაშებს ყოველთვის იწყებს მაღალი ტემპით, შეტევებით და წნეხით. ვფიქრობ, საპასუხო მატჩშიც პირველივე წუთებიდან შეუტევს და მაქსიმუმის მიღწევას შეეცდება, მაგრამ პირველი მატჩი 1:3 დასრულდა და ამის შემდეგ შანსები შეიძლება ჩაითვალოს 30/70-ზე ან 20/80-ზე“.

ამ დროს, უეფა-მ ტვიტერზე კონფერენს ლიგაზე სეივებიდან სწორედ „ყარაბაღის“ 22 წლის ქართველი მეკარის მომენტი გამოარჩია და ლუკა გუგეშაშვილი საუკეთესოთა შორის დაასახელა.