„ყარაბაღის“ ვეტერანი ფეხბურთელი - გუგეშაშვილს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ჩვენი გუნდის პირველ მეკარეს მაინც ვერავინ შეცვლის #1TVSPORT
„ყარაბაღის“ ვეტერანი ფეხბურთელი - გუგეშაშვილს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ჩვენი გუნდის პირველ მეკარეს მაინც ვერავინ შეცვლის #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, „ყარაბაღის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, აფრან ისმაილოვმა azerisport.com-თან კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში ბელგიურ „გენტთან“ გამარჯვებაზე (1:0) და ლუკა გუგეშაშვილზეც ისაუბრა.

გუნდის მთავარი მეკარე, აზერბაიჯანის ნაკრების წევრი შაჰრუდინ მაგომედალიევი ტრავმირებულია და მის არყოფნაში ლუკა გუგეშაშვილი ათამაშეს. ამან აზერბაიჯანულ მედიისა და სპეციალისტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ელოდნენ, რომ ამინ რამაზანოვს მიეცემოდა თამაშის შესაძლებლობა.

„ყარაბაღის“ დაცვამ კარგად ითამაშა და „გენტის“ თავდამსხმელებს საშუალება არ მისცა, რომ ლუკა გუგეშაშვილის კართან ხიფათი შეექმნათ. ქართველ მეკარეს, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონია – ბელგიელებმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს.

„ყარაბაღის“ ყოფილმა ნახევარმცველმა გუგეშაშვილის მიმართ მაინც უნდობლობა დააფიქსირა.

„სრული უპირატესობა „ყარაბაღის“ მხარეს იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა, მეტის გატანაც შეიძლებოდა. მთლიანობაში, გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, რომ „ყარაბაღი“ მომდევნო ეტაპზე გავა.

რაც შეეხება მეკარეებს, მეგონა, რომ კარში ამინ რამაზანოვი იქნებოდა. შესაძლოა, არჩევანი ლუკა გუგეშაშვილის სასარგებლოდ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა. მას ცუდად არ უთამაშია, მაგრამ შაჰრუდინ მაგომედალიევს მაინც ვერავინ შეცვლის“, – ამბობს აფრან ისმაილოვი.