წყალტუბოში სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა - რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მალე დაიწყება
წყალტუბოში სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა - რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მალე დაიწყება

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალს სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები, და შემოიღობა სტადიონის ტერიტორია.

„ბედნიერი ვარ, რომ ათეული წლების შემდეგ თქვენთან ერთად შევძელით წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის განახლება. ეს იყო ბევრი წყალტუბოელის, სპორტის ქომაგების, ვეტერანი ფეხბურთელებისა და პირადად ჩემი და თქვენი ინტერესი, მიზანი და დაპირება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

კახა ჭუმბურიძე, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: „ამ ულამაზეს ქალაქს ძალიან ლამაზი სტადიონი შეემატა. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი. ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელებისა და განათების მოწყობა. დარწმუნებული ვარ, 26 მაისის სახელობის წყალტუბოს სტადიონი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ულამაზესი არენა იქნება“.

სტადიონის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშა საფეხბურთო კლუბ სამგურალის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და კახა ჭუმბურიძემ აღმართეს. განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა სამგურალმა ქედის ბეთლემს უმასპინძლა.