წყალტუბოს „სამგურალს“ ლუიშ ფელიპე სკოლარის ყოფილი თანაშემწე გაწვრთნის #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალს“ ლუიშ ფელიპე სკოლარის ყოფილი თანაშემწე გაწვრთნის #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი სპეციალისტი ტიაგო გომესია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი, ტიაგო გომესი გაწვრთნის, მან კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. გომესის ასისტენტად მისი თანამემამულე, ფაბიანო კარვალიო იმუშავებს.

„სამგურალის“ ახალ მთავარ მწვრთნელს უეფა-ს პროლიცენზია აქვს და ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა „გრემიო“, „კორინთიანსი“ და „ფლუმინენსე“. „გრემიოში“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა.

ტიაგო გომესმა სამწვრთნელო კარიერა „ინტერნასიონალში“ დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა. 2010 წელს 23-წლამდელებში ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს „ატლეტიკო პარანაენსეში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. ასევე იმუშავა „სან ხოსესა“ და „კორინთიანსის“ 20-წლამდელთა გუნდებში.

ტიაგო გომესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად 2015 წელს „სან ხოსეში“ დაინიშნა, საიდანაც პაულო რობერტო ფალკაომ „სპორტ რესიფეში“ ასისტენტად მიიწვია.

2016 წლის აპრილში, ფალკაოს გათავისუფლების შემდეგ, გომესი „სპორტ რესიფეს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2016 წლის 7 ნოემბრიდან – „ფლუმინენსეს“ 20-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. შემდეგ „პელოტასი“ ჩაიბარა, ხოლო 2018 წელს – „გრემიოს“ 23-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში.

„გრემიოში“ მუშაობისას რამდენიმე მატჩში ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის, ლუიშ ფელიპე სკოლარის ასისტენტად მუშაობდა.

2022-24 წლებში გომესი „ბრაზილ დე პელოტასს“, „სან ხოსეს“, „სამპაიო კორეას“, „კაქსიასსა“ და „ლინენსეშს“ წვრთნიდა.

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომესი და მისი ასისტენტი ფაბიანო კარვალიო საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდნენ და „სამგურალისა“ და „გაგრის“ მატჩსაც დაესწრნენ.