წყალტუბოს „სამგურალმა“ ოფიციალურად დაადასტურა - გუნდს მიქაძე ჩაიბარებს, ექვსი მოთამაშე კი წავიდა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ოფიციალურად დაადასტურა - გუნდს მიქაძე ჩაიბარებს, ექვსი მოთამაშე კი წავიდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდიდან წავიდნენ პაპუნა ფონიავა, გიორგი ბუხაიძე, ირაკლი ლექვთაძე, დათო კირკიტაძე და მეკარე კახა მეშველიანი. მათ კლუბთან ხელშეკრულება დაუსრულდათ. განელი თავდამსხმელი რაფიქ ამინუ კი „სამგურალს“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემსამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა ის კლუბში რჩება და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამასა და „სამგურალის“ საფეხბურთო სპორტსკოლას უხელმძღვანელებს.

სოსო ფრუიძე „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად გასულ სეზონში მე-8 ტურიდან დაინიშნა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი-აუტის გარეშე შეუნარჩუნა. მისი ხელმძღვანელობით „სამგურალი“ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, სადაც ტიტულისთვის ბრძოლაში „საბურთალოსთან“ 0:1 დამარცხდა.

ფრუიძის ნაცვლად გუნდს „თელავის“ ყოფილი დამრიგებელი გიორგი მიქაძე გაწვრთნის, რომლის ასისტენტები მიხეილ აშვეთია, სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე იქნებიან. მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე იმუშავებს. ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე იქნება.

წყალტუბოს „სამგურალში“ ითამაშებს 32 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, ჯეფერსონ ჯერალდო. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, ბესიკ ხაჭიპერაძემ ბრაზილიელ ლეგიონერს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.