წყალტუბოს „სამგურალმა“ გორის „დილასთან“ ქულა ბოლო წამზე გადაარჩინა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ გორის „დილასთან“ ქულა ბოლო წამზე გადაარჩინა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ზედიზედ მეორე ტურია, ვერ იგებს. გიორგი ჭელიძის გუნდმა ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და მატჩი ბოლო წამებზე გადაარჩინა – 2:2.

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში „სამგურალის“ ფეხბურთელებს „საბურთალოსთან“ (1:5) წაგების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია სურდათ, „დილას“ კი მოგება გზას სამეულისკენ გაუხსნიდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ გორელებმა მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაიწყეს. ისინი ტიერი გეილისა (53) და ონორე გომისის (70) გოლებით მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ.

მაგრამ „სამგურალმა“ თამაში გადაარჩინა. 79-ე წუთზე ნიკა ხორხელის პასით გიორგი ნიქაბაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+5-ე წუთზე ლადო ჩიხრაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ნოდარ ლომინაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სამგურალი“ 17 ტურის შემდეგ 33 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „დილა“ (31) მეექვსე პოზიციაზე დარჩა.