წყალბურთის პრესტიჟული კემპი თბილისში [ფოტო]
წყალბურთის პრესტიჟული კემპი თბილისში [ფოტო]

წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ და მონტენეგროს წყალბურთელთა გუნდ „იადრან ჰერცეგ ნოვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ოლიმპიურ აუზზე საზაფხულო კემპი სახელწოდებით „იადრანის ბანაკი“ მიმდინარეობს. კემპი 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში მოზარდი წყალბურთელები უახლესი სტანდარტების შესაბამის გადამზადებას და ინტენსიურ ვარჯიშებს გაივლიან, ქართველ მწვრთნელებს კი გამოცდილებას იადრან ჰერცეგ ნოვის სპეციალისტები გაუზიარებენ.

იადრანი წყალბურთის უმაღლეს ლიგაში შესული კლუბია, რომელიც მონტენეგროს ქალაქ ჰერცეგ ნოვიში მდებარეობს. გუნდს ეროვნული ჩემპიონატი 13 ჯერ, ხოლო ადრიატიკის წყალბურთის ლიგა ორჯერ აქვს მოგებული. ასევე არის ევროპის ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორი. იადრანი მსოფლიოს საუკეთესო წყალბურთელთა აღზრდის და პროფესიონალ მწვრთნელთა სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და მის აღზრდილთა რიგებში მსოფლიოს ისეთი საუკეთესო წყალბურთელები შედიან, როგორებიც ანდრია პრილაინოვიჩი, ალექსანდრ ივოვიჩი და ბორის ზლოკოვიჩი არიან.

იადრანი ბანაკში“ საქართველოს მასშტაბით10 – დან 16 წლამდე ასაკის ასამდე წყალბურთელი მონაწილეობს. ვარჯიშობენ აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც. საწვრთნელი პროცესი იადრანის ასაკობრივი გუნდის მწვრთნელების უშუალო მუშაობით და დაკვირვებით მიმდინარეობს. თანამშრობლობის ფარგლებში განიხილება გადამზადებულ წყალბურთელთა მონტენეგროში გამგზავრების და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებიც.

სავარჯიშო პროგრამა მოიცავს ფიზიკურ მომზადებას და ტაქტიკურ ვარჯიშებს, ასევე ინდივიდუალური ტექნიკის განვითარებას დაცვით და თავდაცვით სიტუაციებში. ახალგაზრდა სპორტსმენები მუშაობენ ბურთის ფლობის კომპონენტის დახვეწაზეც. კემპის დასრულების შემდეგ იადრანის უზრუნველყოფით ბანაკის ყველა წევრი სერტიფიცირებული გახდება. ვარჯიშებში მონაწილეობას ქართველი მწვრთნელებიც იღებენ და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მასტერკლასებს გადიან.

აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებში უპრეცედენტოა. ევროპული წყალბურთის უმაღლესი ლიგის „იადრან ჰერცეგ ნოვის“ საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორი „დინამო თბილისია“. მხარდამჭერები კი თბილისის მერია და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია არიან.

 

დატოვე კომენტარი