წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „დუბროვნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „დუბროვნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა თბილისის „დინამომ“ „დუბროვნიკის“ წინააღმდეგ ხორვატიაში გამართა.

ჩვენს ჯგუფს ერთპიროვნულად „პრო რეკო“ (18 ქულა) ლიდერობს, მეორე პოზიციაზე „ოლიმპიაკოსია“ (11), მესამეზე – „დუბროვნიკი“ (4 ქულა) თბილისის „დინამო“ კი ნული ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი ჯგუფში მდგომარეობას ვერ ცვლიდა.

შეხვედრის პირველ მეოთხედში ორივე გუნდი აქტიურად და თანაბრად თამაშობდა. თავიდან უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს, მაგრამ „დუბროვნიკმა“ მაინც მოახერხა და უხვგოლიანი პირველი მეოთხედი 5:5 შემოაბრუნა.

ყველაფერი მეორე მეოთხედში შეიცვალა და ხორვატებმა თბილისის „დინამოს“ თავს საკუთარი თამაში მოახვიეს – 4:2. მასპინძლებმა უპირატესობა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო განამტკიცეს (6:2) და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

მეოთხე მეოთხედი „დინამომ“ და „დუბროვნიკმა“ ფრედ, 4:4 ითამაშეს, საბოლოო ანგარიშში კი ხორვატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს – 19:13.