წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ შემადგენლობა შეინარჩუნა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ შემადგენლობა შეინარჩუნა #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში საკმაოდ კარგად ითამაშა, შემადგენლობის შენარჩუნება მოახერხა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ირაკლი გოგელიამ ილაპარაკა.

„ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდა. ჩემპიონთა ლიგაზე რვა გუნდში მოხვედრის შესაძლებლობა გვქონდა, რაც წყალბურთისა და ზოგადად, საქართველოსთვის დიდი წარმატება იქნებოდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ათეულში მოხვედრაც მშვენიერი შედეგია, რადგან ეს უმაღლესი დონის ტურნირია და ეს ჩვენთვის დიდი ნაბიჯი იყო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოგელიამ.

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატის განახლებისას, პირველ სათამაშო დღეს „დინამო თბილისმა“ ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო – უშუალო კონკურენტი „თბილისი“ 18:13 დაამარცხა, ხოლო ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდი „ლაგუნა-ვერა“ – 29:5.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თქმით, ტურნირის განახლება სხვა გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„თბილისის „დინამოს“ შეკრებებიც ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვედით. ანუ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ გვქონია. ამიტომ ჩემპიონატის განახლება სხვა გუნდებისთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან თამაშები არ ჰქონიათ. თანაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეულში მოხვედრის მოტივაცია ყველა გუნდს გააჩნია“.