წყალბურთი | სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
წყალბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებები შეხვდებიან.
ტურნირის მასპინძელმა სერბეთმა ნახევარფინალში იტალია დამაჯერებლად, 17:13 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში მეშვიდედ ითამაშებს. სერბებმა ტიტული ხუთჯერ მოიგეს (2006, 2012, 2014, 2016, 2018), ხოლო 2008 წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
რაც შეეხება უნგრეთს, ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრები 15:12 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში 21-ედ იასპარეზებს. უნგრელები კონტინენტის ჩემპიონები აქამდე 13-ჯერ გახდნენ, რაც რეკორდია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 25 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მანამდე, 20:00 საათზე შედგება მესამე ადგილისთვის შეხვედრა საბერძნეთსა და იტალიას შორის. მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.