წყალბურთი | „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელ დეიან სტანოიევიჩთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა
წყალბურთი | „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელ დეიან სტანოიევიჩთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა

თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სერბი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი ჩაუდგება სათავეში. მან ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რევაზ ჩომახიძე შეცვალა.

სერბულ გაზეთ „დნევნიკთან“ ინტერვიუში სტანოიევიჩმა დაადასტურა, რომ მას 3-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციასთან (2024 წლამდე), რომლის მიზანი წყალბურთელთა ნაკრების პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მოხვედრაა.

სტანოიევიჩი, რომელიც წყალბურთს ნოვი სადის „ვოივოდინაში“ თამაშობდა, წლების განმავლობაში სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო. 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მან თავისი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედალი მოაპოვებინა.

სამშობლოდან წასვლის შემდეგ დეიანი რუმინეთში მუშაობდა (2014-2018). ბოლო ორი წლის განმავლობაში ყაზახეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ყახაზეთის ეროვნული გუნდი 2019 წლის მსოფლიოს ლიგაზე მე-7, ხოლო იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გაიყვანა.